დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

მომლოცველთა ტური იმერეთსა და რაჭაში


იმერეთისა და რაჭის რეგიონებში დიდი ისტორიული წარსულის მქონე მრავალი ეკლესია და მონასტერია, რომლებიც ულამაზეს ადგილებში მდებარეობს. ჩვენს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოილოცონ ეს ადგილები და ამავე დროს დაისვენონ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა.

1 დღე

დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი.

2 დღე - ქუთაისის სითი ტური, ბაგრატის ტაძარი, მწვანეყვავილას ეკლესია, გელათის და მოწამეთას მონასტრები.

საუზმე.

ქუთაისის სითი ტური - ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სითი ტურის დროს გიდთან ერთად ფეხით შემოვივლით ქალაქის ცენტრს, დავათვალიერებთ ისტორიულ უბნებს და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.

გადავაადგილდებით უქიმერიონის გორაზე და დავათვალიერებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც 1003 წელს ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ. ტაძარი გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით და მრავალფეროვანი მორთულობით. ტაძრის ფასადი მდიდრულადაა გაფორმებული ფლორისა და ფაუნის სტილიზებული გამოსახულებებით. ისინი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენს.

მწვანეყვავილას ეკლესია, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ქუთაისის ისტორიულ უბნებს გადმოჰყურებს. პირველი ეკლესია აქ 1013 წელს აშენდა, რომელიც ნანგრევების სახითაა დღემდე შემორჩენილი. მთავარი ტაძარი აგებულია მე-17 საუკუნეში.

ქუთაისიდან დავიძვრებით მოწამეთას მონასტრის მიმართულებით. მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში. „მოწამეების ადგილი“, „მოწამეების კუთვნილი“ - ამ მნიშვნელობას ატარებს მონასტრის სახელწოდება,  VIII საუკუნეში, საქართველოში, ხალიფა მურვან ყრუს შემოსევის დროს, არაბებმა არგვეთის ერისთავები დავითი და კონსტანტინე აწამეს და მათი ცხედრები მდინარე წყალწითელაში ჩაყარეს. მდინარემ გამორიყა მოწამეების ნეშტი ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს მათი სახელობის მონასტერი მდებარეობს.

სადილი

გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

3 დღე - ტაბაკინი - უბისა - კაცხის სვეტი - კაცხის მონასტერი - მღვიმევის მონასტერი

საუზმე.

გამგზავრება ზესტაფონის მიმართულებით და ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მონახულება. მონასტერი აგებულია VII-VIII საუკუნეებში. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, XVI საუკუნის ფრესკების მოხატულობით. ტაძარი წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო.

უბისის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. იქვე მდგარი ორნავიანი ბაზილიკა კი XII საუკუნეს მიეკუთვნება. უბისის მონასტერი კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. აქ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს.

სადილი.

გამგზავრება ჭიათურა მიმართულებით. კაცხის სვეტის მონახულება. კაცხის სვეტი წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტს. მის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გაჩნდა 1944 წელს, როდესაც სვეტზე ავიდა პირველი ექსპედიცია. მკვლევარებმა სვეტის თავზე აღმოაჩინეს V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. ის აშენებულია ძლიერი ფეოდალების - ბაღვაშების მიერ. თავისი არსებობის განმავლობაში ტაძარი ორჯერ დაიწვა და ის კვლავ აღადგინეს მე-16 საუკუნეში. 

კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება.

მღვიმევის მონასტერის მონახულება. XIII საუკუკნეში დაარსებული მღიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

4 დღე - გოგნის წმინდა გიორგის ეკლესია - ნიკორწმინდა - ბარაკონი - წმ. გიორგის ეკლესია

საუზმე.

გოგნის წმ. გიორგის ეკლესიის და სალოცავის მონახულება. გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ლო­ცა­ვი დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიცაა. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს.

გამგზავრება რაჭის რეგიონის მიმართულებით. ნიკორწმინდის ტაძრის მონახულება. ნიკორმწინდა ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

სადილი

ბარაკონის ეკლესიის მონახულება — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში.

ულამაზესი გზით მივემგზავრებით საჩხერის მიმართულებით. სავანის წმ. გიორგის XI საუკუნის ეკლესიის მონახულება. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან. ეკლესიაში არის XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელი.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

5 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

6 დღე

საუზმე.

ტრანსფერი აეროპორტში.



wishlistსურვილების სიაში დამატება